30, ოქტომბერი 2019 21:15:00
უსინათლოთა კორპუსელები დახმარებას ითხოვენ. ბათუმში, პუშკინის 139 ნომერში საცხოვრებელ სახლში ყოველი გაწვიმებისას წყალი ჩადის. პრობლემის წინაშე დაახლოებით 30-მდე ოჯახი დგას. უამინდობის შედეგად ოიქ მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი გაუნდაგურდათ. სახურავი იმდენად ამორტიზებულია, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება. მერიის შესაბამის სამსახურში კი ამბობენ, რომ გადახურვის ღირებულების ნაწილი მოქალქეებმა უნდა გადაიხადონ.
ბათუმში, პუშკინის 139 ნომერში, ე.წ. უსინათლოთა კორპუსში მცხოვრები, მარტოხელა ეთერ ვარშალომიძე, გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. ამბობს, რომ მუდმივად შიშის ქვეშ ცხოვრობს და მერიისგან დროულ დახმარებას ითხოვს.
ნალექის შედეგად, სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა, რამდენიმე ოჯახს ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. ადგილობრივების თქმით, ცუდ ამინდში საცხოვრებელ სახლებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამბობენ, რომ უკვე თვეებია ყოველი გაწვიმებისას მსგავსი პრობლემა ექმნებათ.
ადგილზე მისულმა ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახურავი რესტავრაციას არ ექვემდებარება და მთლიანად შეცვლას საჭიროებს.
ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ კორპუსის გადახურვისთვის, თანადაფინანსების პროგრამის მიხედვით, მოსახლეობამ ღირებულების სამი პროცენტი უნდა გადაიხადოს. საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის თქმით, მანამდე დროებითი ღონისძიებები გატარდება.
სანამ ბათუმის მერია შესაბამის ზომებს მიიღებს, აქ მცხოვრები ოჯახები, იმის გამო, რომ წყალი ელექტრო გაყვანილობებშიც ჟონავს შუქსაც ვერ რთავენ.