31, ოქტომბერი 2019 10:51:00
30-31 ოქტომბერს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა საგანგებო რეჟიმში იმუშავეს. "112"-ში სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ძირითადად ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვას შეეხებოდა.
ძლიერი წვიმის გამო, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რამაც ახლოს მდებარე ქუჩების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე, პოლიციის ჯგუფები.
მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი. აჭარაში, ასევე, დაფიქსირდა მეწყერის ორი შემთხვევა და დაზიანდა ერთი ხიდი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.