27, აპრილი 2017 17:11:00
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალად ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ მკვლელობის მომზადება ედება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება დაასრულა. არსებითი განხილვის მიზნით, საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართა. ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გიორგი მამალაძეს საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად მუშაობისას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან. მისივე ინფორმაციით, მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კვლავ არ სახელდება იმ პირის ვინაობა თუ ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი. საქმეზე წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს გაიმართება. ბრალდება სასჯელის სახედ 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.