01, ნოემბერი 2019 16:55:00
და რა შეფასებები კეთდება საპატრიარქოს ირგვლის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით? ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარები სინოდის სხდომის, ოქმის, სკანდალური და შოკისმომგვრელი განცხადებების ირგვლივ. სულხან მესხიძე შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, სულხან გამარჯობა და გისმენთ
დიახ ია, საპატრიარქოს ირგვლივ აგორებულ სკანდალზე და ღიად დაპირისპირებული სასულიერო პირების თემაზე პოლიტიკური შეფასებები დილიდან კეთდება. დღეს საპატრიარქოს არანაირი კავშირი არ აქვს ქრისტიანულ აღმსარებლობასთან და იგი რადიკალურად განსხვავებული მიმართულებით მოქმედებს - ასე ფიქრობენ პოლიტიკურ ცენტრში. გირჩის წარმომადგენლის შეფასებით, ეს დღეს დაწყებული პრობლემა არ არის და ამ ყველაფერმა სათავე წლების წინ აიღო.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო ღრმა კრიზისშია და ამით ხელისუფლება ყურადღების გადატანას ცდილობს. ამ მეთოდით კი მათ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა სურთ. ოპოზიციაში რუსულ გავლენებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დაძაბულობა სწორედ მეზობელი ქვეყნის ინტერესებში შედის.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები პოლიტიკური წრეების გარდა, მესამე სექტორშიც მოჰყვა. დემოკრატიის ინსტიტუტში შეშფოთებას გამოთქვამენ, თუმცა მიმდინარე პროცესები არ აკვირვებთ. აქ მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ერი ძალაუფლებას და ბრძოლასაა გადაყოლილი, რაც არჩილ ხახუტაიშვილის შეფასებით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
ამ ეტაპზე რთულია როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ საქართველოს საპატრიარქოში, თუმცა ფაქტია, რომ მწვავედ დაპირისპირებული მღვდლები ერთმანეთის მიმართ ფაქტების გარეშე სკანდალურ განცხადებებს არ ერიდებიან. ქვეყნის მთავარ ისტორიულ მოვლენაზე დამატებით ინფორმაციას და შეფასებებს საღამოს 9 ნახევარზე შემოგთავაზებთ.