28, აპრილი 2017 20:10:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 11-12 მარტის საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. შალვა ხუციშვილის თქმით მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დამონტაჟებული ყველა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი დაათვალიერა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ადვოკატის, სახალხო დამცველისა და გამომძიებლის გარდა მერაბ ღოღობერიძეს არავინ შეხვედრია. შესაბამისად ადვოკატის განცხადება, იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა ვინმესგან შეთავაზება მიიღო არასწორია. შეგახსენებთ, რომ გუშინ მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ 25 აპრილს, წინასწარი დაკავების იზოლატორში ღოღობერიძესთან მივიდა თანამდებობის პირი, რომელმაც მას 11-12 მარტის აქციების ორგანიზატორად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა.