სამედიცინო ცნობა, ექიმის შემოწმების გარეშე. პრობლემის შესახებ სტუდენტები ალაპარაკდნენ. ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ ბათუმში მოქმედი კლინიკები დოკუმენტს მედიკოსთან ვიზიტის გარეშე გასცემენ, სანაცვლოდ კი თანხას იღებენ. რატომ არის ფორმა 100 ხელმისაწვდომი მხოლოდ ფორმალური პროცედურების სანაცვლოდ, რა პასუხები გაგვცეს დღეს დოკუმენტის გამცემ საავადმყოფოებში და რას ამბობენ ჯანდაცვის სამინიტროში? ჩემი კოლეგა გიამბობთ
სტუდენტები ამტკიცებენ, რომ ,,ფორმა 100“ ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმთან ვიზიტის გარეშე აიღეს. როგორც ბექა ბერიძე გვიყვება ამისთვის მას მხოლოდ თანხის გადახდა მოუწია და ექიმს საერთოდ არ შეხვედრია.
ჯანმრთელობის ცნობა ფორმალურად გაიცემა სხვა კლინიკებშიც, ამას სხვა სტუდენტებიც ადასტურებენ. ახალგაზრდებს ფორმა ასის აღება კონკრეტული პროექტისთვის დასჭირდათ. მედიკოსებთან ვიზიტი ამ შემთხვევაშიც არ შემდგარა. ცნობის მიხედვით კი, პაციენტს შემოწმება რამდენიმე ექიმთან უნდა გაევლო.
იმ კლინიკის დირექტორი, სადაც დოკუმენტის მიღება ყველაზე იაფია, ამტკიცებს, რომ პაციენტს ცნობის გაცემამდე ოთხი ექიმი სინჯავს. თუმცა ელგუჯა ბერიძე არც გადაცდომას გამორიცხავს. ფაქტის გახმაურებით ხელმძღვანელი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მოქალაქეს ფაქტი ადგილზევე უნდა გაეპროტესტებინა.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, სამედიცინო ცნობის გაცემაზე პასუხისმგებელი კონკრეტულად დოკუმენტზე ხელმომწერი ექიმი და კლინიკის ხელმძღვანელია. რაც შეეხება დოკუმენტების არასწორად წარმოებას, ფაქტზე რეგულაციები და სანქციები უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ფაქტზე კომენტარი იმ მიზეზით არ გააკეთეს,რომ კონტროლი მათი კომპეტენცია არ არის. სამედიცინო რეგულირების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ექიმის შემოწმების გარეშე ცნობის გაცემის შესახებ ფაქტის შესწავლას, მხოლოდ წერილობითი განცხადების საფუძველზე დაიწყებენ. სანქციები კი ფაქტის დადასტურების შემდეგ განისაზღვრება.
როგორც ირკვევა, სამედიცინო ფორმების გაცემაზე მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად რამდენად სწორად გაიცემა დაწესებულებებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და რამდენად შეესაბამება იგი ადამიანის ჯანმრთელობის რეალურ მდგომარეობას, უცნობი რჩება.