14, ნოემბერი 2019 17:59:00
ვისი სურვილია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება და რას შეცვლის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ნულოვანი ბარიერი? რის გამო შესთავაზა ბიძნა ივანიშვილმა საზოგადოებას ინიციატივა და როგორ აფასებენ მას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები? ნაზიბროლა ქობულაძემ მოისმინა მიმდინარე პროცესებზე მხარეთა პოზიციები, რომლებიც სიუჟეტში მოაქცია.
“ნებადართული ჯანყი“,- ასე აფასებს ქართულ ოცნებაში განვიTარებულ პროცესებს ,,შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი. გიორგი მასალკინი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ლიდერის განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე თავიდანვე არ მიიჩნია სანდოდ.
“რესპუბლიკურ პარტიაშიც“ მიიჩნევენ, რომ ე.წ. წინააღმდეგობები მმართველი პარტიის თამაშის ნაწილია, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილის აზრით, რომელი სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს მომდევნო არჩევნები ,,ქართულ ოცნებას“ მისი მოგების შანსი აღარ აქვს.
,,პატრიოტთა ალიანსში“ ფიქრობენ, რომ მაჟორიტარებმა იგრძნეს, რომ პროპორციულ სიებში ვეღარ მოხვდებიან და მათი წინააღმდეგობას სწორედ პირადი კარიერის გამო მიმართეს.
ეს იყო საზოგადოების აზრის დასატესტად გაკეთებული, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი გადაწყვეტილების გამართლება შეუძლია - ფიქრობენ პოლიტიკურ პლატფორმაში.
,,ევროპულ საქართველოში“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას დემოკრატიულობის ტესტად მიიჩნევენ. პეტრე ზამბახიძე თვლის, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ დიდი ხანია ამოწურა საკუთარი თავი.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქართული საზოგადოების სურვილია, თუმცა მმართველი გუნდი, რომ ამის წინააღმდეგი გახლდათ, ოპოზიციისთვის ცხადი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გახდა.
პოლიტიკური ოპონენტების მოსაზრებას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. აქ მიაჩნიათ, რომ ,,ქართული ოცნების“ წევრების ნაწილმა პოლიტიკური გრიზისის საფრთხე იგრძნო და პარტიისგან დისტანცირებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ.
საქართველოს პარლამენტმა დღეს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უარი უთხრა, რაც ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები კვლავ მაჟორიტარული წესით ჩატარდება.