101 ხმა 3 წინააღმდეგ - პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა
პოლიტიკა
ვნებათაღელვა დედაქალაში დილიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება და ქვეყანა არჩევნები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ვერ შეძლებს. მოქალაქეებმა შეკრება პარლამენტის წინ დაიწყეს,შემდგომ გზის გადაკეტვა სცადეს, იყო მჯდომარე აქციაც. როგორ ვითარდებოდა მოვლენები რუსთაველის გამზირზე? აქციების ქრონიკა მაცნეში
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების გამო, პარლამენტის წინ აქციები კვლავ განახლდება. სამოქალაქო აქტივისტები 7 საათზე მთელ პოლიტიკურ სპექტრს და თითოეულ მოქალაქეს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველაზე გადამწყვეტ მომენტშიც ვერ დადგა ხალხის მხარეს და მან საკუთარ ხალხს ბოიკოტი გამოუცხადა. მათი თქმით, ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ყველა პოლიტიკური ძალა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაერთიანდეს.
ვიდრე მასშტაბური აქცია დაიწყება, მოძრაობა სირცხვილიასა და შეცვალეს აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. პოლიციის მოწოდებების მიუხედავად, - გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა მაინც მოახერხეს. ისინი პარლამენტთან დილიდან შეიკრიბნენ და საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე საკნონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ელოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე პროექტის ჩაგდების შემდეგ კი განაცხადეს, რომ პარლამენტის შენობის პიკეტირებას მოახდენდნენ და დეპუტატებს შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ მისცემდნენ, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე მოყვა შეხლა-შემოხლა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება კანონით აკრძალულია. ვაჟა სირაძის თქმით, თუ აქციის მონაწილეები კანონს არ დაიცავენ, პოლიცია კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
პარლამენტთან უკვე მივიდა თითმის სრულიად ოპოზიციური სპექტრიც, ლიდერები ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.
გამოსავალს კი თითოეული მოქალაქის აქციაზე მისვლასა და მმართველი პარტიის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გაპროტესტებაში ხედავენ. ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი დაპირება საპნის ბუშტივით გასკდა.
აქცია გაიმართა ქართული ოცნების ოფისთანაც, სადაც სირცხვილიასა და შეცვალეს აქტივისტებმა დილით - პარლამენტში კენჭისყრამდე ჩატარებული უმრავლესობის სხდომა საყვირებით გააპროტესტეს და ქართული ოცნებისგან მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოითხოვეს. მათ მმართველი პარტიის წევრებს სიმბოლურად დღეს საბჭოთა კავშირის ჰიმნიც ჩაურთეს.