24, ნოემბერი 2019 10:20:00
ბათუმის სტადიონზე დასაქმებულებმა ბუნებრივი მოთხოვნილება ადგილზევე დაიკმაყოფილეს, რის გამოც თანამშრომლებს ხელფასიდან 50 ლარი ჩამოაჭრეს - ამის შესახებ ინფორმაცია TV25.GE-ს ერთ-ერთმა მუშამ მიაწოდა. როგორც წყარო გვიყვება, ადმინისტრაციაში დასაქმებულებს განუცხადეს, რომ ჩამოჭრილი თანხა იმ შემთხვევაში დაუბრუნდებათ თუ ისინი გაარკვევენ ვინ დატოვა ფეკალიები სტადიონის ტერიტორიაზე.
ბათუმის სტადიონის ადმინისტრაციული ნაწილის ოთახებში, მუშების მიერ, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ფაქტებს ადასტურებენ მოედნის მშენებელ ორგანიზაციაში. კომპანია "ანაგის" ბიზნესის განვითარების დირექტორი TV25.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ თანამშრომლები შრომის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დააჯარიმეს. დავით ადდღულაძემ გვითხრა, რომ შენობაში ფეკალიების დატოვების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც კომპანიამ მუშების დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
სტადიონის ტერიტორიაზე საპირფარეშო ფუნქციონირებს, თუმცა დავით ანდღულაძეს უჭირს იმის ახსნა, თანამრომლები რატომ არ სარგებლობენ ჰიგიენის ოთახით.