საკრებულოს სხდომა, რომელსაც ოპოზიცის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მაინც ჩატარდა. დეპუტატებმა 14 საკითხი განიხილეს. მათ შორის თავდადებულის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლის დემონტაჟის, ასევე ე.წ ყვითელ ავტობუსებზე რეკლამის განთავსების საკითხი. გაკეთდა განცხადებებიც.
ბათუმის საკრებულოს სხომას დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა, ლევან ანთაძის თქმით, ისინი განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვიდრე ხელისუფლება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ დანაპირებს არ შეასრულებს.
საკრებულოს სხდომის დაწყებამდე დეპუტატება განცხადებები გააკეთეს. რაულო თავართქილაძის თქმით, ე.წ. თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სუნის და ჰიგიენური ნორმების პრობლემა არსებობს, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს. ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოსაწესრიგებელია ფილაქნები, ხოლო სამრეწველო ზონაში მოძრავი სატვირთოები გზას აზიანებენ და მის მოწესრიგებაზე თავართქილაძის თქმით, პასუხისმგებლობას არავინ იღებს.
ე.წ. ბონი-გოროდოკის დასახლების მაჟორიტარმა გოჩა მგელაძემ განაცხადა, რომ ტერმინალის მიმდებარედ უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს და მერიის შესაბამის სამსახურებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
მერიის მუშაობის მისამართით პრეტენზია გამოთქვა დიმიტრი ჭეიშვილმაც, მისი განცხადებით, თავდადებულის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული სახლის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა.
დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებში იყო ,,ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ბალანსზე რიცხულ ავტობუსებზე რეკლამების განთავსების უფლებასთან დაკავშირებული სააუქციონო პირობები. საკრებულოს წევრების აზრით, სამორინეების რეკლამებთან დაკავშირებით შეზღუდვა უნდა დაწესდეს.
საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა დღეს რამდენიმე ადგილზე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობების განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ეს პირველი ეტაპია და შესაბამისი კვლევების შემდეგ მშენებლობებზე ნებართვა მერიამ არ გასცეს.
დღევანდელ სხდომაზე 14 საკითხი განიხილეს, მათ შორის მიწის ნაკვეთის მთავრობის გადაცემისა და საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა.