03, დეკემბერი 2019 17:44:00
ქობულეთის მერს რცხვენია, რომ ბონდო თედორაძის პედაგოგი იყო. მირიან ქათამაძემ ეს სიტყვები მას შემდეგ თქვა, რაც მუნიციპალიტეტის მერიაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ინცინდენტი მოხდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს. ეს ყველაფერი კი როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან შესვლის მცდელობას მოჰყვა.
ქობულეთის მერიაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პირია დაკავებული. მის მიმართ გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. კონფლიქტი მუნიციპალიტეტის მერსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მოხდა.
სამართალდამცავები ქობულეთის მერიასთან დილიდან იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით, ისინი მერთან შესვლას გეგმავდნენ, როცა მათ მირიან ქათამაძემ შეურაცხყოფა მიაყენა.
მირიან ქათამაძის მტკიცებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მის კაბინეტში შეჭრას ცდილობდნენ.
ქობულეთის მერიასთან ინცინდენტს ადგილი რამდენიმე დღის წინაც მოხდა, ერთმანეთს დედაქალაქში აქციაზე მიმავალი ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს.