04, დეკემბერი 2019 22:01:00
და გამოშვებას ვიწყებთ ექსკლუზიური ინფორმაციით. ბათუმის შემოსასვლელში ზღვის სანაპიროზე რამდენიმე სართულიანი ათამდე ობიექტი ისე აშენდა, რომ ბათუმის მერიაში ვერ გაიგეს. უკანონობაზე ზედამხევდელობის სამსახურმა რეაგირება მასშემდეგ დაიწყო, როდესაც მეწარმეების უმრავლესობამ მშენებლობის პროცესი დაასრულა.
ეს კვების ობიექტები თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მუშაობს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობებზე მეწარმეებმა სეზონური რკინის კონსტრუქციები და კაპიტალური შენობები ნებართვის გარეშე დადგეს.
მშენებლობის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რაც ბათუმის მერიამ თავის დროზე ვერ შეამჩნია. ზღვის სანაპიროზე თავისუფალი ტერიტორია თითქმის ათვისებულია და მეწარმეები საქმიანობას დღემდე აგრძელებენ.
ბათუმის მერიის შესაბამისმა სამსახურმა რვა ობიექტის დემონტაჟის მოთხოვნით დადგენილებები მეპატრონეებს 18 ოქტომბერს მიაწოდა. მიუხედავად ამისა, ადგილზე ახალი ობიექტების მშენებლობა კვლავ გრძელდება. მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკანონობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, როცა მშენებლებს უკვე რამდენიმე სართული ჰქონდა აშენებული.
იურისტი განმარტავს, რომ ქაოსური და უკანონო მშენებლობების პროვოცირებას დაუსჯელობის სინდრომი იწვევს. გიორგი ხიმშიაშვილი არასათანადო მონიტორინგზეც საუბრობს.
ობიექტების მეპატრონეები მერიის დადგენილებას ასაჩივრებენ. თვითმართველობის იურიდიულ სამსახურში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე განცხადებების განხილვა მიმდინარეობს და როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას, უცნობია.