04, დეკემბერი 2019 21:40:00
წლები სოციალური დახმარების გარეშე მძიმე სოციალურ პირობებში. გონიოში მცხოვრებელები ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ. ნაკაშიძეების 9 წევრიან ოჯახს სააარსებო მინიმუმი არ აქვს. საკვებით მეზობლები ეხმარებიან, ბავშვებს გაყინულ ოთახებში ძინავთ.
ნაკაშიძეები სოციალური დახმარების გარეშე უკვე წლებია ასეთ პირობებში ცხოვრობენ. 9 წევრიანი ოჯახის სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ერთადერთი ვინც მუშაობას ახერხებს, დიასახლისი დარიკო ნაკაშიძეა.
ოჯახში 4 მცირეწლოვანია. იმის გამო, რომ საკმარისი შემოსავალი არ აქვთ, ბავშვებს ძილი გაყინულ ოთახებში უწევთ. გონიოში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ ზამთრისთვის შეშა ჯერ კიდევ არ მოუმარაგებიათ, რადგან ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.
გონიოში მცხოვრები ნაკაშიძეების გასაჭირზე საუბრობენ მეზობლებიც. უკიდურესად გაჭირვებულებს ისინი ხშირად ეხმარებიან.
ნაკაშიძეების მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტო. დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი მაღალი სარეიტინგო ქულები გახდა. ვაჟა ფუტკარაძის თქმით, ოჯახმა დაწესებულებას ხელახალი გადამოწმების მიზნით უნდა მიმართოს.
დაეხმარება თუ არა სახელმწიფო გონიოში მცხოვრებ ნაკაშიძეების ოჯახს? ეს ხელახალი შესწავლის საფუძველზე გახდება ცნობილი.