04, დეკემბერი 2019 21:46:00
იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალ დირექტორს მომზადებულ კონტენტთან დაკავშირებით შენიშვნები ექნება, ქარტიას მიმართავს. შეთანხმებას დღეს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრებმა გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის შედეგად მიაღწიეს.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენლების თქმით, აჭარის ტელევიზიის დირექტორი ორგანიზაციასთან თანამშრომლობას აპირებს. გიორგი მგელაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სიუჟეტების შინაარსთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში გიორგი კოხრეიძე ქარტიას მიმართავს.
თავად, გიორგი კოხრეიძე კვლავ ირწმუნება, რომ მედია პროდუქტებში ჩარევას არ აპირებს. მისი თქმით, საკითხთან მიმართებაში, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებული მისი განწყობის მიუხედავად, ამ კონკრეტულ მოცემულობაში, გარკვეული საერთო მოსაზრებები გამოიკვეთა.
თუ კი დირექტორთან შეხვედრის შემდეგ მეტწილად, ორივე მხარე კმაყოფილია, ქარტიის წარმომადგენლებისთვის გაუგებარია, ბორდთან შეხვედრისას გამოკვეთილი მდგომარეობა. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორისთვის წარმოუდგენელია მრჩეველთა საბჭოს წევრების განცხადება, რომ თანამშრომლების პრეტენზიების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.
ბორდის თავმჯდომარე საკითხს იმით ხსნის, რომ პრეტენზიებით თანამშრომლებს მათთვის არ მიუმართავთ. რატომ არ დაინტერესდა თავად მრჩეველი არსებული მდგომარეობით? გიგა ჩხარტიშვილი გვპასუხობს, რომ საბჭო მოლოდინებზე, რეაგირებას ვერ მოახდენს.
ქარტიის წარმომადგენლებმა, რომელშიც 17-მდე მედია ორგანიზაციაა გაერთიანებული, განაცხადეს, რომ მოვლენების განვითარებას მომავალშიც დააკვირდებიან.