სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობა სავარაუდოდ, შეცდომაში შეიყვანა. ორგანიზაციის წარმომადგენლის მტკიცებით, თითქოსდა ვადაგასული ხორცი აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო არ დადასტურდა. TV25.GE-ს რეპორტიორი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებს ესაუბრა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს. განმარტეს, რომ შპს "სოფო" სკოლამდელ დაწესებულებებს ხორცით არ ამარაგებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსი დღეს ვერ აკონკრეტებს, რომელ საბავშვო ბაღებში უნდა შესულიყო ვადაგასული ხორცი. მანანა ერქომაიშვილმა გვითხრა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დამატებით დეტალებს სკანდალური განცხადების შემდეგ არკვევს.
შეგახსენებთ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში, ცხოველთა სასაკლაოზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ უვარგისი ხორცი აღმოაჩინა. ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს უფროსის, მანანა ერქომაიშვილის ინფორმაციით, ვადაგასული ხორცი, ეტიკეტისა და საბუთების გარეშე, უკვე მეორე დღეს აჭარის საბავშვო ბაღებში უნდა შეეტანათ. მისივე თქმით, ხორცი დალუქულია.
ადგილი, სადაც უვარგისი ხორცი ნახეს შპს "სოფოს" მიერ არის ნაქირავები და პროდუქტს მხოლოდ აფასოებდნენ. კონკრეტულად, საიდან არის ხორცი შემოტანილი, ამ ეტაპზე, უცნობია.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის, ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადებას, შემოტანას ან რეალიზაციას ითვალისწინებს. დანაშაული ჯარიმას ან რამდენიმე წლიან პატიმრობას გულისხმობს.