18, დეკემბერი 2019 12:53:00
15 წლის ლუკა სირაძეს საქმეზე ბრალდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თეონა გვაზავმ განაცხადა, კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.
"მუხლი რომლითაც დაკავებულია – ჩვენების იძულება, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ვეთანხმებით. ბრალდებული არ აღიარებს ამ ბრალდებას, იმ მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. დღის ბოლომდე საქმის მასალები გადმოგვეცემა და უფრო დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ", - განაცხადა ადვოკატმა.
თეონა გვაზავას თქმით, რამე სახის იძულებას ან კანონით გაუთვალისწინებელ ქმედებას არც ერთი პოლიციელის, მათ შორის ბრალდებულის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე დაიკითხა, რომელსაც უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, რევაზ მამასახლისი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 21:10 საათზე გაუჩერდა გული.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.საიას ინფორმაციით, მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.