15, იანვარი 2020 21:22:00
ტექნიკური გაუმართაობის თუ გადაჭარბებული წონის გამო ჩავარდნილი ლიფტი? მოძრავი კაბინის დაზიანების შედეგად გუშინ ბათუმში 2 ადამიანი დაშავდა. რამდენად უსაფრთხოა კონსტრუქციით მოძრაობა და რა ფონია ამ მიმართულებით ქალაქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში? თეო ფუტკარაძე გიამბობთ
პუშკინის ქუჩის, 162 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან ლიფტი გუშინ, დაახლოებით 17 საათზე ჩაწყდა. შემთხვევის დროს, მოძრავი კაბინით 3 ადამიანი გადაადგილდებოდა. დაზარალებული დედა-შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ერთი კი უვნებელი გადარჩა.
პუშკინის 162 ნომერში მცხოვრებლები ყვებიან , რომ დაშავებულებს ლიფტით 600 კილომდე ტვირთი მე-13 სართულზე აჰქონდათ. ადგილობრივები გამორიცხავენ, რომ ერთ ტონაზე გათვლილი კონსტრუქციის ჩავარდნის მიზეზი ჭარბი წონის აზიდვა გახდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ლიფტის ჩავარდნის მიზეზს ჯერ- ჯერობით ვერ ადასტურებენ. უწყებაში თქვეს, რომ ამ ეტაპზე შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, კანონდამრღვევს სანქცია დაესკისრება.
გასულ წელს ქალაქში ლიფტების გამართულობის მიზნით 18 ობიექტი შემოწმდა, მათგან 2-ს ჯარიმა დაეკისრა, ხოლო 5-ს შენიშვნა მიეცა.