16, იანვარი 2020 21:03:00
უცვლელი პრობლემა სოფელ ლაზისტანში. მოსახლეობა ავარიული გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით კვლავ გამოვიდა. დასახლება, სადაც 20-მდე ოჯახი ცხოვრობს, მუნიციპალიტეტისგან პრობლემის გადაჭრას წლებია უშედეგოდ ითხოვს. ქობულეთის მერიაში აქციას ზოგადი კომენტარით გამოეხმაურნენ, სადაც განაცხადეს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე დაწყებულია. თემის დეტალები და მხარეთა პოზიციები ვნახოთ თეო ფუტკარაძის სიუჟეტში.
სოფელ ლაზისტანში მცხოვრებლები ავარიული გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოვიდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსების გარდა, ხშირად სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ახერხებს გამოძახების ადგილზე მისვლას.აქ მცხოვრებლები პრობლემის გადაჭრას მუნიციპალიტეტისგან წლებია ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ
ამავე დასახლებაში ჯაბნიძეების ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი მეწყერის საშიშროებას განიცდის. გვიყვებიან, რომ ნალექიან ამინდში მოუწესრიგებელი გზის გამო სახლთან ქვები ცვივა რის გამოც ღამე, მშვიდად არ სძინავთ.
უფლება დამცველი ამბობს, რომ რაიონის ხელისუფლებამ იცის ლაზისტანში მცხოვრებლების პრობლემის შესახებ.თამაზ ბაკურიძის თქმით მუნიციპალიტეტში მოსახლეობას დახმარებაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა დაპირება რჩება დაპირებად.
ქობულეთის მერიაში ფაქტის შესახებ გვითხრეს, რომ ლაზისტანის მიმართულებით, ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება . იანვარში დასრულდება რიგი პროცედურები.ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით მიმდინარე წლის თებერვლიდან გზის სარეაბილიტაციოს სამუშაოები დაიწყება.
ლაზისტანის დასახლებაში მცხოვრებლებს პრობლემის მოგვარებამდე კვლავ რთულ პირობებში მოუწევთ ცხოვრება.დასახლებაში 20-მდე ოჯახი ცხოვრობს.