17, იანვარი 2020 20:57:00
სადავო კედელი, რომელმაც ერთმანეთს მეზობლები დააპირისპირა. რატომ ვერ შეაჩერა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონო მშენებლობა, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარეობს? მეპატრონე 2 - ჯერ დააჯარიმეს, თუმცა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაფრთხილება დღეს, მას შემდეგ მისცა, რაც მომიჯნავედ მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა.
ბერლინის კედლად წოდებული ქვის ბარიერი აღმაშენებლის ქუჩის 375 ნომერშია. სადავოდ გამხდარმა მშენებლობამ ლალი მანაგაძე და მისი ახლობლები დღეს ქობულეთის მერიის წინ მიიყვანა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ კუთვნილი სახლის გვერდით კედელს უკანონოდ მეზობელი გიორგი ბოლქვაძე აშენებს, რომელსაც ტერიტორიაზე სასტუმრო აქვს. ამბობს, რომ პროცესი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.
მანაგაძის თქმით, უკანონო მშენებლობის შესახებ მერია ინფორმირებული იყო, თუმცა პროცესის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა. ოჯახისთვის გაუგებარია, რატომ გაიწელა დროში პროცედურები. მანაგაძის ადვოკატის მტკიცებით, საქმე მერიამ აღსრულებას დროულად არ გადასცა.
საპირისპიროს ამტკიცებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც განაცხადეს, რომ ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინეს. უწყების ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თქმით, ობიექტზე ჯარიმა ორჯერ გამოიწერა და მშენებლობის შესაჩერებლად საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც გადაეცა.
ბრალდების ადრესატმა სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა. გიორგი ბოლქვაძის ახლობელმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მშენებლობას პროექტის შედგენის შემდეგ გააგრძელებენ.
კედლის მშენებლობა ქობულეთში, აღმაშენებლის 375 ნომერში 2 კვირის წინ დაიწყო.