22, იანვარი 2020 21:12:00
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ცეცხლაურში, სურმანიძეების ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს 150 ლარი შეადგენს. ოჯახის წევრები დაუსაქმებელია. ქარიან ამინდში საცხოვრებელი ირწევა, რის გამოც ოჯახის წევრებს საკუთარ სახლში დაძინების ეშინიათ. რა მეთოდოლოგიით დათვალა ქულები სოციალურმა აგენტმა და რის საფუძველზე მიანიჭეს ოჯახს მაღალი ქულა? ია გოლიაძის სიუჟეტს ნახევარ საათში ნახავთ.
სურმანიძეების 5 წევრიანი ოჯახი ამ სახლში უკვე მეხუთე წელია ცხოვრობს. ხის საცხოვრებელი მეპატრონემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე იმის გამო განათავსა, რომ სხვა ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. იმის გამო, რომ მფლობელად ვერ დარეგისტრირდნენ, ელექტროენერგიაც მეზობლისგან გადმოიყვანეს.
5 წევრიანი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი 150 ლარია. ანუ თითომ- 30 ლარი უნდა იკმაროს. ეს კი იმიტომ, რომ სოციალური მომსახურების აგენტმა მათ მაღალი სარეიტინიგო ქულები მიანიჭა. ზურაბ სურმანიძე 2008 წლის ომის ვეტერანია, დამსახურებას სახელმწიფო ყოველთვიურად 22 ლარით უფასებს. შემწეობა წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით. არ მუშაობს არც ერთი მათგანი.
ოჯახს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს. სამზარეულოში თბილი წყალი არ მოდის. საძინებელში კარადაც არ დგას. წვიმიან ამინდში აქ წყალი ჩადის.
ხის სახლში უამინდობისას გაჩერება თითქმის შეუძლებელია. გასათბობად ღუმელს იყენებენ, თუმცა აქ თითქმის ისე ცივა, როგორც გარეთ. არ აქვთ გაზი. საცხოვრებელი ქარიან ამინდში ირწევა , რის გამოც ოჯახის წევრებს ხშირად საკუთარ სახლში დაძინების ეშინიათ.
რა მეთოდოლოგიით დათვალა ქულები სოციალურმა აგენტმა და რის საფუძველზე მიანიჭეს ოჯახს მაღალი ქულა? ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში თქვეს, რომ მთავარი კრიტერიუმი არა საცხოვრებლის, არამედ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ოჯახში არასრულწლოვნების რაოდენობაა. გადაიხედოს უნდა თუ არა შეფასების სისტემის მეთოდოლოგია, თეა შარაძემ განაცხადა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს.
იქ, სადაც საცხოვრებელი ფართის პრობლემა უნდა მოაგვარონ, დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა რატომ არ ისურვეს ქობულეთის მერიაში მაცნეს კითხვებზე პასუხების გაცემა. აქ მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ.
საპირისპო თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ბონდო სურმანიძემ, რომელიც უმცროსი სპეციალისტია დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციულ ერთეულში. მან დაგვიდასტურა, რომ ზურაბ სურმანიძეს თითქმის ყოველდღიურად ხვდება და უფრო მეტიც, იცის რომ ოჯახს სახლი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აქვს განთავსებული.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ კი განმარტეს, იმისთვის, რომ ოჯახმა ცალკე აბონენტად დარეგისტრირტება შეძლოს, კომპანიას განცხადებით უნდა მიმართოს.