27, იანვარი 2020 17:54:00
ბათუმის ყოფილმა მერმა პატიმრობაში შვიდი წელი უნდა გაატაროს - ასეთია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. რვა თვიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაადგინა, რომ „იაფი სახლის“, მოგვიანებით „ხელმისაწვდომ საცხოვრისად“ წოდებული პროექტის თანხების გაფლანგვაში მისი როლი გამოიკვეთა. პატიმრობა მიესაჯა საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსს ეგარსლან ლომაძესაც. მას წინასწარ პატიმრობის ვადასთან ერთად, ჯამში წელიწად-ნახევრის გატარება მოუწევს. იგი სასჯელს არა გაფლანგვისთვის, არამედ სამსახურეობრივი გულგრილობისთვის მოიხდის. გადაიხდის ასევე ფულად ჯარიმას 20 ათასი ლარის ოდენობით. გულგრილობისთვის, არასაპატიმრო სასჯელს, ოცი ათას ლარიან ჯარიმას გადაიხდიან ამავე საქმეში ბრალდებული და ოქტომბერში გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირები: თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე და ბექა ხალვაში. რაც შეეხება არჩილ ვანაძეს, იგი დღეს უპირობოდ იქნა გათავისუფლებული სასამართლო დარბაზიდან. პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება სადაო გახადოს. ბათუმის მერიის შვიდი მაღალჩინოსანი პორკურატურამ 30 მაისს დააკავა. ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. ბრალდებას იგი დღესაც აბსურდულს უწოდებს.