29, იანვარი 2020 17:47:00
ჰონგკონგელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი ავრცელებს.
„ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, მაგრამ ცხოველებზე მისი გამოცდისთვის დროა საჭირო. ეს რამდენიმე თვეს გაგრძელდება, ადამიანებზე გამოცდა კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, პროფესორმა იუენ კვოკ-იუნგმა.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის შექმნაში ამერიკელი და ჩინელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.
ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.
წყარო: imedinews.ge