03, თებერვალი 2020 21:55:00
ლოცვა გრაფიკით ანუ დაკეტილი ტაძრები საღამოს 7 საათიდან. რატომ არ არის საკულტო ნაგებობები ღია თუნდაც გვიან ღამით, მაშინ როცა შესაძლოა მონასტერში შესვლა ნებისმიერ ჩვენგანს ნებისმიერ დროს მოუნდეს? მართმადიდებელი მრევლის მოსაზრებები ჩემმა კოლეგამ მისმინა, რომელმაც ასევე იკითხა საპატრიარქოს პოზიცია. სიუჟეტს მთავარ გამოშვებაში ნახავთ
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ეკლესია ღამით არ უნდა იკეტებოდეს. მრევლის აზრით, როცა ადამიანი განსაცდელშია, შესაძლოა ერთადერთი სულიერი თავშესაფარი სამლოცველო იყოს. იმ ფონზე, როცა სუიციდის შემთხვევები ხშირია, მრევლის მოსაზრებით, ამ გზით თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა ის შეუფასებელი მისიაა, რაც ტაძარმა შეიძლება შეასრულოს.
ბათუმში, მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ტაძრები 24 საათის განმავლობაში ღია უნდა იყოს. მოქალაქეების შეფასებით, შესაძლო ვანდალიზმის ფაქტები გამართლება არაა, და საპატრიარქოს საეკლესიო საგანძურის დაცვისთვის შესაბამისი რესურსი გააჩნია.
მრევლის თქმით, მათი უმრავლესობა დასაქმებულია, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი ტაძრები დაკეტილი ხვდებათ და მოლოცვას ვერ ახერხებენ. მათივე შეფასებით, ეს შესაძლოა მრევლის შემცირების მიზეზიც იყოს.
საპატრიარქოში ამბობენ, რომ ყველა ტაძრის ეზოში სპეციალური ღია სამლოცველოა განთავსებული. ბათუმის ეპარქიაში გვითხრეს, რომ ტაძრები 7 საათზე იკეტება, თუმცა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ხშირია ღამისთევები, შესაბამისად ეკლესია 24 საათი ღიაა. კითხვაზე შესაძლოა თუ არა, ქალაქში, თუნდაც ერთი ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იყოს მომლოცველებისთვის? დეკანოზ იოანე გორელიშვილს არნიშნული, დასაშვებად მიაჩნია.
იქნება თუ არა მრევლის მოთხოვნა საპატრიარქოში განხილვის საგანი, ამ ეტაპზე უცნობია. მანამდე კი მორწმუნეებისთვის აჭარაში, ტაძრების მოლოცვა, ძირითადად, საღამოს 7 საათამდეა შესაძლებელი.