10, თებერვალი 2020 21:54:00
ხანძარი ბათუმში. ცეცლხი დღეს შამილაძის მე-2 ჩიხში, ერთ ერთ სახლში გაჩნდა. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მაგრამ მსხვერპლი არ არის. გამოძიება კი ნივთის დაზიანებისა და განადგურების მუხლით დაიწყო.
ცეცხლი, რომელიც სავარაუდოდ ღუმელიდან გაჩნდა, საცხოვრისის ერთ ოთახს მოედო. იქ არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები კი სრულად დაიწვა. ხანძრის დროს ოჯახში მხოლოდ მოხუცი ქალი იმყოფებოდა, რომელიც გარეთ მეზობლების დახმარებით გამოვიდა.
დაკვამლიანება თავდაპირველად მეზობელმა შენიშნა. ადგილობრივებმა კი სახანძრო-სამაშველო სამსახურში დარეკეს. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება მანამდე მოახდინეს, ვიდრე სახლი სრულად დაიწვებოდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში ამბობენ, რომ ოჯახმა უწყებას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა და არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლეს. დაზარალებულებს მატერიალურ დახმარებას გაუწევენ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.