18, მაისი 2017 20:06:00
საკრებულოს წევრობის, გამგებლობისა და მერობის კანდიდატს, რომელსაც არჩევნებამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვრის კვეთა უფიქსირდება, არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეზღუდება. საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე „კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საკრებულოს წევრობისა და გამგებლობის კანდიდატებს არ აძლევდა არჩევნებში მონაწილეობის უფლებას , თუ კი არჩევნების დანიშვნამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში კანდიდატი საქართველოში არ ცხოვრობდა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ თუნდაც ერთ დღით, ორი წლის განმავლობაში საზღვრის კვეთის გამო არსებული შეზღუდვა პირს ართმევდა უფლებას არჩევნების გზით დაეკავებინა თანამდებობა, რაც წინააღმდეგობაში იყო კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ საარჩევნო უფლებასთან, ასევე 29-ე მუხლით გარანტირებული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებასთან. სადაო მუხლი სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაასაჩივრა.