19, თებერვალი 2020 21:50:00
მახვილაურში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. მოქალაქეები ისევ და ისევ იმ ზიანზე საუბრობენ, რასაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აყენებთ. დაბზარული სახლები, დატბორილი ეზოები და უნაყოფო ნიადაგი. ეს პრობლემების სრული ჩამონათვალი არარის.
დაბზარული კედლები და წყლით სავსე საცხოვრებელი ეზოები - ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში, ნიკო მუსხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ასამდე ოჯახი.
ამირან მერკულაძე დაბზარულ კედლებს და დატბორილ ეზოებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებს. ნიკო მუსხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ამბობს, რომ აქ საფრთხე ყოველდღიურად ბზარებთან ერთად იზრდება.
მახვილაურში მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე გამართეს. დაზარალებულმა 100-მდე ოჯახმა მშენებლობაზე დასაქმებულებს სამშენებლო პროცესის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
უფლებადამცველი პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს. თამაზ ბაკურიძე სახალხო დამცველს მოუწოდებს, რომ დაზარალებულების მდგომარეობა დროულად შეისწავლოს.
საქართველოს საგზაო დეპარტამენტში სიტყვიერად განმარტეს, რომ დაზარალებულების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისიაა შექმნილი. უწყებაში ჯერ კიდევ ვერ აკონკრეტებენ, გაიცემა თუ არა აქციის მონაწილეებზე კომპენსაცია.
ბათუმის შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს დააკავშრებს. პროექტის ღირებულება კი 330 მილიონამდე ლარს შეადგენს.