21, თებერვალი 2020 09:39:00
ყველა ჩემ მეგობარს შევხვდები, ვინც საქართველოშია და ვინც არ არის. მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია, მე მას ვთვლი ჩემ საუკეთესო მეგობრად, მე ყველას აზრს მოვისმენ, ჩემ რჩევას მივცემ და შევეცდები ჩემი აზრი გავაზიარებინო და ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, - ამის შესახებ საპატიმროდან დღეს გათავისუფლებულმა ყოფილმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, ეწყინა თუ არა სააკაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ისინი მეგობრები არიან და ყველა საკითხში მოგვარდებიან.
„მე ვამბობ, როცა პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, თუ ვინმე პასუხისმგებელია, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ვარ მე, რადგან მე მეკავა მაღალი თანამდებობა, ვიყავი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ვთვლი, რომ ჩვენ არ უნდა დაგვეშვა ის, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე გასჩენოდა. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით უფრო ჭკვიანები, უფრო ლამაზები, უფრო მაღლები, უფრო ნიჭიერები, უფრო უკომპრომისოები, რათა არ გამოგვევლინა რაღაც სისუსტეები. არ მიგვეცა საშუალება რომ ხალხს ჩვენი საქციელები შეცდომად ჩაეთვალა“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს დატოვა.