24, თებერვალი 2020 20:39:00
მახვილაურში მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ. ადგილობრივები ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას ისევ ეწინააღმდეგებიან. მოქალაქეები პოზიციებს არ თმობენ, ითხოვენ იმ ზარალის ანაზღაურებას, რასაც ავტობანზე მიმდინარე სამუშაოები იწვევს. პროექტმა , როგორც თავად ამტკიცებენ, რამდენიმე დღის წინ ერთი ადგილობრივის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. რატომ არ ესმის სახელმწიფოს იქ მცხოვრებლების? ნინია მესხიძე მუშაობდა თემაზე
ასე ემოციურად მოქალაქე იმ შემთხვევას იხსენებს, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ჩახერგილ გზას მიდგა. ფაქტის შესახებ ადგილობრივი არავის გაუფრთხილებია. მანანა ქადაგიძე ამბობს, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობამ მისი სიცოცხლე ლამის იმსხვერპლა.
პასუხისმგებელ უწყებას ბევრჯერ მიმართა. იყო დაპირება, რომ გზას მალე კეთილმოაწყობდნენ, თუმცა უყურადღებოდ განხორციელებულმა სამუშაობმა დროთა განმავლობაში გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა. როგორც ამტკიცებს, სახლი დაენგრა.
მახვილაურში ბათუმის შემოვლითი გზის სამშნებლო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. მანანა ქადაგიძის მსგავსად, სახლამდე მისასვლელი გზის გარეშეა კიდევ ორი ოჯახია დარჩენილი. ისინი ალტერნატიული გზით უკვე ერთ წელზე მეტია სარგებლობენ.
მოქალაქეების დარღვეულ უფლებაზე დრეს მორიგი განცხადება გააკეთა უფლებადამცველმა. თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ როგორც დამკვეთის ანუ საგზაო დეპარტამენტის , ისე შემსრულებლის - კომპანიის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
როდის კეთილმოეწყობა გზა , რომელიც სამშენებლო სამუშაოების შედეგად დაზიანდა? საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მონაკვეთს სამი თვის ვადაში აღადგენენ, ხოლო აპირებს თუ არა სახლემწიფო გადაუხადოს კომპენსაცია მანანა ქადაგიძეს, უწყებაში ირწმუნებიან, რომ საცხოვრებლის დანგრევა მშენებლობასთან კავშირში არ არის.
ბათუმის შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს დააკავშრებს. პროექტის ღირებულება კი 330 მილიონამდე ლარს შეადგენს.