ნიკა ე.წ „ოცნების ქალაქში“ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახში იზრდება. ფიცრული, რომელშიც იგი ცხოვრობს სიღარიბე კარგად ეტყობა. გაჭირვება ულუფაზეც შესამჩნევია. ბავშვის დედა გვიყვება, რომ შვილი რომ გამოკვებოს, ხშირად თავად იძინებს მშიერი. ირინა ბერიძე ამბობს, რომ სოციალური სახლიდან მიტანილი საჭმელი არ ყოფნით.
რამდენიმე კვადრატულ სახლში კიდევ 4 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის კიდევ ერთი ბავშვია. ისიც სიღატაკეში იზრდება. სახლში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობა არ არის შექმნილი. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ბერიძეების ბედს 270 ლარიანი სოციალური დახმარება წყვეტს. თანხა არსებობისთვის საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღურად უწევთ.
ეს კიდევ ერთი ოჯახია მუყაოს ქალაქიდან და ბავშვები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იზრდებიან. სიღარიბის, რომელიც შიმშილს უდრის. 1 წლის ნინის დედა გვიყვება, რომ დედობას 9 წელი ელოდა. ახლა შიში აქვს. შიში, რომ შვილი მშიერი არ დარჩეს.
სიტუაცია, რომ ოჯახებში კატასტროფულია, ამას იუნისეფის დადასტურება არ სჭირდება. მოზარდები, რომლებსაც კადრებში ხედავთ, ეჭვგარეშეა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგბშიც მოხვდებოდნენ, რომლის მიხედვითაც 2015-დან 2017 წლამდე ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები სამჯერ გაიზარდა.
რა შეიძლება გამოწივიოს სიღატაკეში ცხოვრებამ და შესაძლოა თუ არა მან უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე? ფსიქოლოგები საფრთხეებს ხედავენ:
„შეიძლება პიროვნება დაინგრეს, ასევე, სხვადასხვა სოციალური პრობლემები შეექმნას.თუ კი ბავშვს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით საკვები ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახება“ - ამბობს ფსიქოლოგი შორენა დოლიძე.
მესამე სექტორი კი ბავშვთა სიღარიბეში აღზრდის მთავარ მიზეზად ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სიღარიბეს ასახელებს. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს პრაქტიკულად აქვს სოციალური პოლიტიკა. ანა აბაშიძე თვლის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის პასუხი წინ წლების კვლების შედეგებზეც არაადეკვატური აღმოჩნდა.
ოფიციალური მონაცმებით, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად 1 დოლარი და 25 ცენტია მიჩნეული. ანუ ქართული მაჩვენებლებით, რომ დავითვალოთ, თვეში თანხა დაახლოებით 82 ლარს შეადგენს. ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის დასადგენად UNICEF-მა კვლების ჩატარება 2009 წელს დაიწყო და ყოველი ორი წლის მონაცემებს ასახავს. ორგანიზაცია 190 ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის მიზნით მუშაობს.
რა ადეკვატური პასუხი აქვს სახელმწიფოს არსებულ სოციალურ პრობლემებზე და რას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო რეალობის შესაცვლელად? არც ერთ უწყებაში კომენტარი არ გაკეთდა.
მასალა მომზადებულია "ინტერნიუსი საქართველოსთან" და "ინტერნიუსთან" თანამშრომლობით, პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში.