19, მაისი 2017 17:13:00
გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცველებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. ოთარ წოწორიას მტკიცებით, ამოღებული ნივთებიდან მხოლოდ ორი სანადირო თოფია მისი საკუთრება. მისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა მის სახლში სხვა იარაღები. ის მომხდარს დის საქმიანობას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი. ვინაიდან ნონა წოწორია, წლების განმავლობაში ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, ახლა კი სტრასბურგში რუსთავი2-ის საქმეს განიხილავს. ადვოკატები კი ჩხრეკის დროს პროცედურების დარღვევაზე საუბრობენ. როგორც ოთარ წოწორია ამბობს სამართალდამცავები მის სახლში დაახლოებით თვენახევრის წინაც იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება-დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. წოწორიას სახლის ჩხრეკას რუსთავი2-ის საქმეს უკავშირებენ მისი მეზობლებიც.