28, თებერვალი 2020 17:31:00
დღევანდელი აჭარის მთავრობის სხდომა ახალ კორონავისრუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შეჯამებით გაიხსნა. რეგიონის პირველმა პირმა გუნდს ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდა. კიდევ რა სახის გადაწყვეტილებები მიიღეს დღევანდელ სხდომაზე? ამას სიუჟეტიდან გაიგებთ.
დღევანდელი სხდომა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კორონავისრუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შეჯამებით გახსნა. ჯანდაცვის და განათლების მინისტრებისგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ტარდება რეგიონში პრევენციისთვის. თორნიკე რიჟვაძემ გუნდს კოორდინირებულად მუშაობისკენ მოუწოდა.
რატომ არ უტარდება სამედიცინო შემოწმება საზღვარზე შემოსულ ყველა მოქალაქეს - აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამედიცინო კონტოროლი დაწესებულია მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსული მოქალქეებისთვის, სადაც ვირუსი დაფიქსირებულია, ან მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სიმპტომები აღენიშნებათ.
რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მთავრობამ კომპანიებს: „ვესტინვესტსა“ და „ბრითიშ დეველოპმენტს“ ორი წლით გადაუვადა მშენებლობის დასრულების ვადები. დღევანდელ სხდომაზევე გახდა ცნობილი, რომ, ხულოში, თაგოს საბაგირო გზის რეკონსტრუქციისთვის 124 ათასი ლარია გამოყოფილი.
სხდომის მიღმა, თორნიკე რიჟვაძესთან მთავარი შეკითხვა პოზიტიური განწყობების შექმნისთვის, სამი დღის წინ, ე.წ. ბოტების მობილიზებას შეეხებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ფორმით, ნაცბოტებს და ნაცტროლებს ებრძვიან.
ასევე, დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ მაისში, ბათუმში, „ევროპის სოფლის მეურნეობის გენერალური ასამბლეა“ გაიმართება. მასში მონაწილეობას 15 ქვეყანა მიიღებს.