22, მაისი 2017 20:12:00
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარე ირაკლი ჯიბლაძეს, მურად ჩიკვაიძესა და გიორგი ბადრიაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. წინა სასამართლო სხდომის მსგავსად, ბრალდებული გიორგი ბადრიაშვილი პროცესზე არც ამჯერად გამოცხადდა. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მომდევნო სხდომაზე მისი იძულებით მოყვანა დაევალათ. დღევანდელ სხდომაზე ორივე მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის პოლიციელები ასლან ფუტკარაძე და გოჩა შავაძე, რომლებიც ირაკლი ჯიბლაძის ადვოკატმა ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა.