04, აპრილი 2020 13:36:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით.
ორი კვირის მანძილზე 6-მა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ - ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.