06, აპრილი 2020 11:54:00
მტკიცებულებითი სახით რომ ვთქვათ, კორონავირუსი ორსულებში რამე სახის პათოლოგიას იწვევს, ეს ძალიან ძნელია და ამას შესაბამისი კვლევა სჭირდება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატალური მიმართულების ხელმძღვანელმა, ექიმმა პაატა ჟორჟოლიანმა „იმედის დილაში“ განაცხადა.
მას ჰკითხეს, კორონავირუსით ინფიცირება იწვევს თუ არა ნაყოფში რამე პათოლოგიას. ექიმის თქმით, ინფექციების დროს ნაადრევი მშობიარობის, გვიანი აბორტის შემთხვევები იყო, თუმცა არ არის დადგენილი, იწვევს იყო თუ არა აღნიშნულს კორონავირუსი.
„მტკიცებულებითი სახით რომ ვთქვათ, რომ კორონავირუსი ორსულებში რამე სახის პათოლოგიას იწვევს, ეს ძალიან ძნელია და ამას შესაბამისი კვლევა სჭირდება. უფრო მეტად ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რასაც ამერიკის სამეანო კოლეჯი გვეუბნება - არ მოხდეს ნაყოფის ზრდის შეფერხება ვირუსის ფონზე და ამის მონიტორინგი აუცილებელია. აი, ეს არის ის რეკომენდაცია, რომელიც ამერიკის სამეანო კოლეჯმა მოგვაწოდა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, განსხვავებულია თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მკურნალობა, ჟორჟოლიანის თქმით, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა არის ისეთი, როგორც არა ორსულ პაციენტებში.
„განსხვავება აქ არ არის, მაგრამ მეორადი ინფექციის შემთხვევაში ანტიბიოტიკების შერჩევა ორსულობის შესაბამისად უნდა მოხდეს, რათა ნაყოფზე ცუდი ეფექტი არ ჰქონდეს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.