06, აპრილი 2020 21:13:00
საქართველო მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. კოვიდ19-ის პრევენციის მიზნით, მთავარი რეკომენდაციები, სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, პირბადისა და ხელთათმანის გამოყენებაა. რამდენად უსაფრთხოა გამოყენებული ერთჯერადი პირბადეებისა და ხელთათმანის ნაგვის ურნაში განთავსება, დამუშავების გარეშე? ეკოლოგის, ექიმისა და მოქალაქეების მოსაზრებებს სალომე უსტალიშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი პრევენციად ერთჯერადი ხელთათმანის გამოყენება აღიარეს, მისი მოხმარების მაჩვენებლმა რეკორდს მიაღწია. ადამიანები, ხშირად, დღეში რამდენიმე წყვილ რეზინის ხელთათმანს იყენებენ და შემდეგ ნაგვის ურნაში აგდებენ. თან ისე, არავინ იცის, არის თუ არა მასზე KOVID 19-ის ბაქტერია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, არის თუ არა საშიში გამოყენებული ხელთათმანის განთავსება ურნაში, დამუშავების გარეშე.
საფრთხე იმისა, რომ ნაგვის ურნაში მოთავსებული, ერთჯერადად გამოყენებული ხელთათმანი თუ პირბადე ბაქტერიებს ავრცელებს - მინიმალურია - ამტკიცებს ეკოლოგი კახა გუჩმანიძე, თუმცა აქვე დასძენს, რომ ერთგვარი სიფრთხილე მაინც საჭიროა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული ხელთათმანები რომ ვერ იქნება ეფექტური, თუ ის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით არ დამუშავდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მუდმივად საუბრობენ. განმარტავენ, რომ თუ ვირუსი ხელთათმანზე მოხვდა, ის ისეთივე გზებით იწვევს დაინფიცირებას, როგორც შიშველი ხელებით. საინფორმაციო საშუალებებით, წესები მოსახლეობას ასევე მუდმივად განემარტება, თუმცა როგორ ითვალისწინებენ აუცილებელ პირობებს, დარწმუნება არ გაგიჭირდებათ, თუ ნაგვის კონტეინერთან გაივლით.
როგორ ხდება უკვე ნაგავსაყრელზე მოხვედრილი პირბადეებისა თუ ხელთათმანების დამუშავება, ან როგორ არის დაცული სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა უსაფრთხოება, დაგამოწმება ვერ შევძელით. „ბათუმის სანდასუფთავების“ სამსახურში დღეს ამისთვის ვერცერთი წუთი დაგვითმეს.