კოვიდ19-მა ცვლილებები განათლების სფეროშიც შეიტანა. პანდემიის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი ხარვეზებით, ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად მიმდინარეობს. ინტერნეტი მოსახლეობისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია. მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების დაპირებისა, პრობლემა სამი წლის შემდეგაც მოუგვარებელია. რა უნდა გააკეთონ იმ მოზარდებმა, რომელთაც ინტერნეტთან წვდომის პრობლემა აქვთ? რამდენად რთული აღმოჩნდა მათთვის სპეციალური სწავლების ახალი ფორმა? დეტალები სიუჟეტში.
სალომე ბილანიძე ერთ-ერთია იმ ათობით ათას მოსწავლეს შორის, რომელიც სასკოლო განათლებას დისტანციურად იღებს, თუმცა რამდენად არის ჩართული საგაკვეთილო პროცეში, ეს რთული სათქმელია. მერვე კლასის მოსწავლე, ონლაინ გაკვეთილებს თითქმის ვერასოდეს ესწრება. სახლში, სადაც ცხოვრობს, ინტერნეტი არ აქვს, ამიტომაც შიშობს, რომ აკადემიური მოსწრება ისეთი კარგი ვეღარ ექნმება, როგორც აქამდე.
ინტერნეტის არ ქონის გამო, სალომეს მსგავსად, განათლების ონლაინ მიღება უჭირს მის კიდევ ბევრ მეგობარს. სალომეს დედა ამბობს, მობილური ინტერნეტ პაკეტები ძვირია, ამიტომ მისი შეძენის საშუალება ყოველთვის არ აქვს. იმის გამო, რომ უმუშევარი დარჩა, ვერც ყოველთვიურ აბონენტად დარეგისტრირდა.
დისტანციურ სწავლებაში არსებული პრობლემები კარგად ჩანს მაღალმთიან აჭარაში. გარდა იმისა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტეშია სოფელი, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის, მოსწავლეები ვერც მობილური პაკეტებით სარგებლობენ. მრავლად არიან ოჯახები, რომლებსაც შესაბამისი მხარდაჭერის ტელეფონი არ აქვთ. ალტერნატივად დასახელდა მობილურით დაკავშირება, თუმცა ბევრ მაღალმთიან დასახლებაში თავად მობილური კავშირიც კი სუსტია. ხელმოკლე ოჯახებისთვის რთული აღმოჩნდა ულიმიტო სასაუბრო პაკეტების შეძენაც. პრობლემა, რომ მასშტაბურია, ამაზე განათლების ექსპერტი ნაილე ჩავლეიშვილიც საუბრობს.
ექსპერტები აკრიტიკებენ იმ ალტერნატიულ საშუალებასაც, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ტელეგადაცემას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, ვერ ხდება მოსწავლის გამოკითხვა, დავალებების ჩაბარება და სხვა. თითოეული მოსწავლის უფლების დასაცავად, მიიღონ განათლება, აჭარის განათლების სამინისტროს მივმართეთ, თუმცა სამინისტროში ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდნენ.
მოთხოვნების და მათ შორის განათლების უზრუნველყოფისთვის, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე მუშაობა ხელისუფლებამ 2016 წელს დაიწყო. მიღებული იქნა სამოქმედო გეგმაც, თუ როგორ უნდა შექმნილიყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის. მაშინ, პრემიერი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ პროექტი ფონდ „ქართუსა“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ხორციელდებოდა, რომლის ბიუჯეტიც 100 მილიონი დოლარი იყო. სამუშაოებისთვის სააგენტომ კომპანია Open Net-იც დააარსა. სამი წლის შემდეგ ირკვევა, რომ აჭარაში ამ მიმართულებით სამუშაოები არც კი დაწყებულა. ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ პროექტის განხორციელება ამ ეტაპზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარეობს.