07, მაისი 2020 21:15:00
მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პანდემიად გამოცხადდა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი შეწყდა. მართალია, ახლა იგი სკოლებსა და უნივერსიტეტებში დისტანციურად მიმდინარეობს, თუმცა ონლაინ რეჟიმში, განათლების მიღების გარეშე პროფესიული კოლეჯის სტუდენტები დარჩნენ. მათ თეორიულზე მეტად პროფესიული განათლება სჭირდებათ. რატომ ვერ უზრუნველყო კოლეჯმა ორი თვის განმავლობაში, სტუდენტებისთვის სწავლების ახალი ფორმით მიწოდება?
გიორგი ხალვაში, ბათუმის პროფესიული სასწავლებლის „ბლექსი’’-ს სტუდენტია. იგი საბარმენო ხელოვნებას ეუფლება, თუმცა ლექცია უკვე ორი თევა არ ჰქონია. სასწავლებელს დისტანციური სწავლება კურსანტებისთვის ჯერ არ დაუწყია.
ანა სამკერვალო პროფესიას ეუფლება. ამბობს, რომ არჩეულ პროფესიას პრაქტიკული მეცადინეობა უფრო სჭირდება, ვიდრე თეორიული. შესაბამისად, დისტანციური სწავლება, მისთვის ხელსაყრელი ვერ იქნება, ამიტომ, გაცდენილი დრო მომავალი სპეციალისტისთვის დაკარგულ შემოსავალს ნიშნავს.
ნათია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ეუფლება. მისთვის დისტანციური სწავლება ხელსაყრელია და მიუხედავად იმისა, „ბლექსი“-ს ონლაინ სწავლება ჯერ არ დაუწყია, საკუთარ პედაგოგს მაინც ეკონტაქტება. ასე ცდილობს იგი ფუჭად არ დაკარგოს დრო, რომელიც სწავლისთვის ჰქონდა გათვალისწინებული.
რატომ ვერ უზრუნველყო პროფესიულმა კოლეჯმა ორი თვის განმავლობაში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა - „ბლექსის’’-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სპეციალურ გეგმას საქართველოს განათლების სამინისტროსგან ელოდებიან. რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც პროფესიას ვირუსის გავრცელებამდე ეფლებოდნენ, დირექტორის - გიორგი გოგიტიძის განმარტებით, პანდემიის დასრულებისთანავე განაწილდებიან სამუშაო ადგილებზე და პროფესიას სამსახურის პარალელურად დაეუფლებიან.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს მისამართით არსებულ შეკითხვას, რატომ ვერ უზრუნველყო უწყებამ, საგანგებო სწავლების გეგმის მიწოდება პროფესიული სასწავლებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს აქ არ გვიპასუხეს.