13, მაისი 2020 21:27:00
ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ რეპორტაჟს კულტურის სფეროს წარმომადგენლების შესახებ. როგორ გადააწყო კორონავირუსმა მომღერლების, მსახიობების, მოცეკვავეების , ხელოვანების მუშაობის დღის წესრიგი? კულტურა პანდემიის ფონზე თეო ფუტკარაძის სიუჯეტში.
სცენიდან ვერ, მაგრამ დისტანციურად, ფეისბუქ ლაივებით, რეპეტიციებს უკვე ორ თვეზე მეტია საკუთარი სახლის ეზოდან ატარებს ქეთო ბოლქვაძე. პანდემიამ დღის განრიგთან ერთად მოცეკვავის გეგმებიც შეცვალა. კონკრეტული თარიღის დაზუსტების გარეშე გადაუვადდა აპრილში დაგეგმილი მეტხუთმეტე სიუბილეო კონცერტი.
იმისთვის, რომ საკუთარი შემოქმედებით პატარებს არ დაშორებოდა, სცენიდან სახლში გადაინაცვლა ალექსანდრე გაბაიძემაც. კოსტიუმირებულ წარმოდგენას ვერ მართავს, სამაგიეროდ, ერთგული მაყურებლისთვის ზღაპრებს ფეისბუქ გვერდის მეშვეობით კითხულობს. იგი 15 წელია ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია.
კორონავირუსმა შინ დატოვა მუსიკოსებიც, სამაგიეროდ, ხელშემშლელი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ახალი ნაწარმოებები შექმნან. სწორედ ამიტომ, ბევრ ახალ სიურპრიზს პირდება მსმენელს ვაჟა ტუღუში. პანდემიის მიზეზით ახალი სასარგებლო ჰობიც შეიძინა.
როცა პანდემია სრულად გადაივლის, ხელოვანები პირობას დებენ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გულშემატკივრებს, განსაკუთრებულად დატვირთული და მრვალფეროვანი კონტენტი ელოდებათ.
პანდემიის დროს უამრავი შედევრი იქმნება. ასე აპირებენ ხელოვანი ადამიანებიც. სახლში დარჩენილები, სამომავლოდ, მრავალფეროვნებას და ბევრ სიახლეს გვპირდებიან.