27, მაისი 2020 17:05:00
75 მილიონი ლარი იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც პანდემიის ფონზე შემოსავალი დაკარგეს. სახელმწიფომ ამ სეგმენტისთვის ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება გაწერა, თუმცა ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი. მოქალაქეებს სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უჭირთ, შესაბამისად კომპენსაციას ვერ იღებენ, რადგან დაზარალებულად არ სცნობენ. ისინი ვინც ლუკმა-პორის საშოვნელად თურქეთში გადადიონდნენ, კონკრეტული მოთხოვნებით დღეს ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ.
ოცამდე თვითდასაქმებული ადამიანი დღეს ბათუმის მერიასთან ერთი მიზეზით შეიკრიბა. ისინი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემული დაპირების შესაბამისად, ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ითხოვენ. დღევანდელი შეკრება ერთგვარი გაფრთხილება იყო. თუ მათ სახელმწიფო თვითდასაქმებულებად არ სცნობს და კომპენსაციას არ მიირებენ, გაცილებით მასშტაბურ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
ტრანსპორტის უმოძრაობის გამო აქციაზე ის მცირე ნაწილი მივიდა, ვინც თურქეთში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში პანდემიამდე მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც მეზობელ სახელმწიფოსთან საზღვარი ჩაიკეტა, ოჯახები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სახელმწიფო ოფიციალურ დოკუმენტად არც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ამოღებულ ამონაწერს სცნობს, რომლითაც მათი ყოველდღიური საზღვრის კვეთა დასტურდება.
გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება იმ თვითდასაქმებული ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც მეზობელ თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად, ასევე ყოველდღიური ანაზღაურებით მუშაობდნენ და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ვერ ახერხებენ, ამ დროისთვის პასუხი ვერ მივიღეთ. შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა, სადაც ჩვენს ზარს არ უპასუხეს. ვინაიდან დახმარების გაცემა ცენტრალიზებულად ხდება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხებსითის სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვა გვირჩია, აქედან კი ისევ შემოსავლების სამსახურთან გადაგვამისამართეს.