გამოშვებას ვხსნით უკანონო მშენებლობით. რაც უნდა გაგიკვირდეთ ეს საკულტო ნაგეგობას ეხება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში, ეკლესია ნებართვის გარეშე სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ისე აშენდა, რომ კანონდარღვევა ვერავინ შენიშნა. ქობულეთის მერი ტაძრის გახსნის ცერემონიალსაც ესწრებოდა, თუმცა კანონიერების შესახებ კითხვები არ გასჩენია. როგორ მოხდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ფართობზე ობიექტი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების თანხმობის გარეშე აიგო? მთავარ კითხვაზე პასუხის მიღებას დღეს ჩემი კოლეგა მთელი დღის განმვალობაში ცდილობდა.
უკანონობის შესახებ საზოგადოებისთვის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც გაზეთ „ბათუმელებს“ ეკუთვნის.
ყველაფერი ასე დაიწყო: რუსეთში მოღვაწე გულადი გოგმაჩაძემ, რომელიც წარმოშობით ამავე სოფლიდანაა, გადაწყვიტა, კეთილი საქმე გაეკეთებინა და მშობლიურ სოფელში ტაძარი აეგო. ამისთვის თანხაც გაიღო და სპეციალური ფონდიც შექმნა, თუმცა ის აღარ უფიქრია, რომ მშენებლობისთვის ადგილიც უნდა შეეძინა. ეკლესიის ასაგებად უბრალოდ ტერიტორია შეირჩა. გვარას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მრევლის სამსახურშია.
ეკლესიის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ოფიცილურად გასულ წელს გაიხსნა. გარდა იმისა, რომ იგი სხვის მიწაზე აშენდა, მშენებლობისთვის სპეციალური ნებართვა ქობულეთის მერიას არ გაუცია. შესაბამის სამსახურში არც სანებართვო განაცხადი შესულა, არადა საკულტო ნაგებობის გახსნის პროცესს საეკლესიო პირებთან ერთად ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძეც ესწრებოდა. უნებართვო მშენებლობით მერია დღემდე არ დაინტერესებულა.
უკანონო მშენებლობის დაკანონებას და სხვისი მიწის გადაცემას, რომელზეც ეკლესიაა აშენებული, საპატრიარქო საჯარო რეესტრს მხოლოდ ახლა სთხოვს, როცა სხვისი ნაკვეთი ათვისებულია და ეკლესია აშენებული. საპატრიარქო ირწმუნება, რომ ამის უფლებას კონკორდატი აძლევს. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
საჯარო რეესტრი მიწის რეგისტრაციაზე საპატრიარქოს უარს ეუბნება, რადგან მესაკუთრე სხვაა. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. გამოსავალი ერთია. საპატრიარქომ ეკლესია სამინისტროს უნდა გადასცეს, ის კი შემდეგ უკან, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუბრუნებს. საპატრიარქო კანონიერი გამოსავლის წინააღმდეგია, სხვა კანონიერი გზა კი სამინისტროს არ გააჩნია.
რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერი დეკანოზი იოანზე გორელიშვილი ამბობს, რომ მშენებლობა ქობულეთის მერიასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. სხვა შეკითხვებზე პასუხებს კი დეკანოზმა თავი აარიდა.
ის, რომ ქონების მოთხოვნისას ეკლესიის ამოსავალი კონკორდატია, ასევე გამოცემა „ბათუმელები“ წერს. კონკორდატი, იგივე საქართველოს კონტიტუციური შეთანხმება, წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივ ნორმატიულ ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დაიდო. შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს) მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც გვარას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აშენდა, 375 კვადრატულ მეტრს ითვლის.