25, ივნისი 2020 20:01:00
უმაღლესი საბჭოს არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული წესით ჩატარდება. გადაწყვეტილება დღეს წარმომადგენლობითი ორგანოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გახმოვდა. ჰქონდა თუ არა კონსულტაციები მმართველ გუნდს ოპოზიციასთან და რატომ ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაპირებული და დაანონსებული საარჩევნო მოდელის შეცვლა ? ია გოლიაძე იმყოფებოდა დღეს უმაღლეს საბჭოში. ია საღამო მშვიდობის
უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარების წესის შესახებ საზოგადოებას დღეს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ ამცნო. დავით გაბაიძემ თქვა, რომ 2020 წლის კენჭისყრა უმაღლეს საბჭოში პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება. მმართველი გუნდის წევრმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სისტემა საქართველოს პარლამენტის მსგავსი უნდა იყოს. 18 პროპორციული და 3 მაჟორიტარი- დეპუტატები ორგანოში ასე გადანაწილდებიან
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არ მოწონთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ასმათ დიასამიძე მიიჩნევს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო ხალხის დაკვეთას არ არსულებს. ხელისუფლების ოპონენტი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების გულშემატკივარი რჩება.
8 მარტის შეთანხმების შესრულებას ითხოვს კიდევ ერთი დეპუტატი უმაღლესი საბჭოდან. ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება ამ სვლით ხალხს ატყუებს.
ხელისუფლების ოპონენტებს შორის, ერთადერთი, რომელსაც ინიციატივა მოსწონს და მხარს დაუჭერს, მერაბ ბლადაძეა.
კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ უკვე ხალხთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაპირებული ფორმით არ განხორციელდება, მისი კონსტიტუციურობა ეჭვქვეშ დადგება. მალხაზ ნაკაშიძე ვარაუდობს, რომ ამით ხელისუფლებამ უკვე დაანონსებული პროპორციული წესის ჩაგდება გადაწყვიტა
დაუჭერს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში? დავით ცინცქილაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხა. საქართველოს პარლამენტმა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით 2 დღის წინ დაამტკიცა. 119-ი დეპუტატიდან მას მხარი მხოლოდ 3-მმა არ დაუჭირა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა ჩატარდება. ეს გულისხმობს 120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული წესით დეპუტატის არჩევას და 1%-იან ბარიერს. უმაღლესი საბჭო ახლა საქართველოს პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, მომავალ კვირაში კი რიგგარეშე პლენარულ სხდომას ჩანიშნავენ.