26, ივნისი 2020 21:30:00
კულტურა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქორეოგრაფები. ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელზეც კოვიდ19-ის პანდემიამ ზეგავლენა მოახდინდა. გაუქმდა ადგილობრივი და საერთაშორისო დონის კულტურული ღონისძიებები, რომელთათვისაც თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ. ქორეოგრაფები ყვებიან, რომ ხანგრძლივი დასვენებით, მოცეკვავეებთან მიღწეული შედეგები დაკარგეს. მათი ერთადერთი მოთხოვნა კი დღეს, რეპეტიციების განახლების უფლების მინიჭებაა.
კორონავირუსმა, როგორც სხვა ბევრი პროფესიის მქონე ადამიანი, ქორეოგრაფებიც უმუშევარად დატოვა. პანდემიამ დღის განრიგთან ერთად მათი სამომავლო გეგმებიც შეცვალა. რამინ ბალაძე „იმპერია დანს“-ის ხელმძღვანელია. იგი ჰიპ-ჰოპს ასწავლის. ყვება, რომ კორონავირუსის გამო, აჭარის ჩემპიონატი ჩაიშალა, რომლისთვისაც თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ.
საერთაშორისო თუ ადგილობრივი ფესტივალები ჩაეშალა ანზორ დევაძესაც. იგი „ბათუმი ბლექსი“-ს საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზატორია. პარალელურად, ხელმძღვანელობს საბავშვო ქორეოგრაფიულ ანსამბლს „აისს“. გარდა იმისა, რომ წელს, რიგი გეგმები განუხორციელებელი რჩება, დაკარგა შემოსავალიც.
პრობლემებზე საუბრობს მერაბ დოლიძეც. იგი ორ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობს. ყვება, რომ წლების მანძილზე გაწეული შრომა პანდემიამ წყალში ჩაუყარა. ხანგრძლივი დასვენებით, მოცეკვავეებთან მიღწეული შედეგები დაკარგა და როცა ისევ შეიკრიბებიან, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. შედეგებთან ერთად ანსამბლმა ბევრი მოცეკვავეც დაკარგა.
ქორეოგრაფების და ანსამბლების ხელმძღვანელების ერთადერთი მოთხოვნა დღეს რეპეტიციების განახლების უფლების მინიჭებაა. ამბობენ, რომ ცეკვაში და განსაკუთრებით ეროვნულ ბალეტში, დისტანციის დაცვა პანდემიის გარეშეც აუცილებელი პირობაა, ამიტომ რისკი ნაკლებია და არც მოთხოვნის შესრულებაა რთული, თუმცა იქ, სადაც შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილებას იღებენ, დამაიმედებელს და კონკრეტულს ამ ეტაპზე მაინც ვერაფერს ამბობენ. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მასობრივი სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში 15 ივლისამდეა აკრძალული.