26, ივნისი 2020 19:38:00
ბრენდად ქცეული ხელსაქმე. ფსიქოლოგმა ქალმა თავისი პროფესია მიატოვა და 12 წელია იმ საქმეს ემსახურება, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ბევრი სირთულე გამოიარა, თუმცა ერთი რამ ყოველთვის იცოდა - აკეთოს ის, რაც აბედნიერებს. სწორედ ამ მოტივით მოვიდა დღემდე. თვითნასწავლი ხელოვანი საკუთარი ფანტაზიით, წლებია სხვადასხვა სახის აქსესუარს ქმნის. მისივე სახელობის გამოფენა საქართველოს პარალელურად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც გაიმართა და წარმატებულად დასრულდა. მაია მიქაშავიძის პორტრეტი მაცნეს ობიექტივში.
პროფესიასა და ხელსაქმეს შორის, რომელსაც ეწევა, სხვაობა დიდია, თუმცა ის, რასაც აკეთებს იმდენად მოსწონს, რომ ფსიქოლოგობას თავი დიდი ხანია დაანება. მაია მიქაშავიძე უკვე ბრენდია. მის ნამუშევრებს თბილისში თითქმის ყველა იცნობს. გულსაბნევებს, საყურეებს, ბეჭდებს და სხვა აქსესუარებს საკუთარი ფანტაზიით უკვე 12 წელია ქმნის. ხელნაკეთებს ხშირად დაინახავთ ბოლო ათწლეულში გადაღებულ ქართულ ფილმებშიც. მის პირველ ნამუშევარს ვერავისთვის იმეტებს. ყელსაბამს საგულდაგულოდ ინახავს.
სირთულის, მოდელისა თუ მასალის მიხედვით, ერთი სამკაულის დამზადებას მაია ხშირად რამდენიმე დღეს უთმობს. ამბობს, რომ პროდუქტის შესაქმნელად ყველა ტიპის მასალას იყენებს. ნამუშევრებში ნახავთ ბუნებრივ ქვას, მინანქარს, მარგალიტს, ბროლს და სხვა.
საკუთარი ნამუშევრებით, მაია, ხშირად მონაწილეობს გამოფენებში. მისი პირველი წარმატებული გამოფენა საქართველოში, 2008 წელს იყო. შემდეგ იყო საფრანგეთი, ჰოლანდია, ავსტრია, უკრაინა და რუსეთი.
როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მაიას ხელნაკეთი აქსესუარები იმაზე პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, როგორც არასდროს. მან შინ ყოფნა გამოიყენა და საკუთარი ფეისბუქ-გვერდი გაააქტიურა. სწორედ ამ დროს გაიზარდა კიდევ უფრო, მისი და მისი ნამუშევრების ცნობადობა.
მაიას მაღაზია არ აქვს და მისი გახსნა არც გეგმებში შედის. ვისაც სურვილი აქვს, შეუძია ონლაინ კატალოგი ნახოს და ნებისმიერი ნივთი ასევე ონლაინ გამოიწეროს.