03, ივლისი 2020 17:39:00
პარტია, „ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის ოფისი პროკურატურას მიმართავს. მოითხოვს, გამოიძიონ გარემოება, თუ რამდენად კანონიერად გასცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა ინასარიძის ქუჩის 24 ნომერში. პარტიამ სარჩელი ამხანაგობა „ძალა ერთობაშია 2006“-ის მიმართვის საფუძველზე შეიტანა. ამხანაგობის წევრები ირწმუნებიან, რომ „როიალ ბილდინგმა“ მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ მერიის შესაბამის სამსახურს არ გამოუკვლევია, იყო თუ არა აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა შესაძლებელი. სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, ადგილობრივების განცხადებით, დეველოპერულმა კომპანიამ ასწლოვანი ევკალიპტის ხეები გაჩეხა, რაც მერიის, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს იძლევა. ბათუმის მერიიდან კი მხოლოდ მოკლე, წერილობითი პასუხი მივიღეთ, რომ ნებართვა რეკომენდაციების დაცვითაა გაცემული.