07, ივლისი 2020 21:30:00
ზაფხულის დადგომასთან ერთად ქობულეთში უწყლობის პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება. ამჯერად სოფელ ბუკნარში მცხოვრებლების გასაჭირზე მოგიყვებით, რომლებსაც საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქმის 40 წელია რაც ვერ გადაუჭრა. ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პირობებში გართულდა. სასმელი წყლის გარეშე დარჩენილებს ტურისტების მიღების იმედიც აღარ აქვთ. ქობუელეთის მერია რომ რომ პრობლემას ვერ აგვარებს, არახალია.
სოფელ ბუკნარში მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა 40 წელზე მეტია აწუხებთ. ადგილობრივები ყვებიან, რომ წყალი მთელი დღის განმავლობაში, მხოლოდ 1 საათით მიეწოდებათ და ისიც, სასმელად უვარგისი.
ადგილობრივები, სასმელ წყალს, მეზობელი სოფლებიდან მანქანით, ხოლო, მათ, ვისაც ტრანსპორტი არ ჰყავს, ხელით ეზიდებიან. სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვსი კი წვიმის წყალს, კასრებში აგროვებენ.
წყლის გარეშე, ტურისტულ ზონაში დამსვენებელი აღარ ჩერდება. ადგილობრივები, ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვან კლებას უჩივიან.
ის, რომ მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით მიეწოდებათ, უარყოფენ ქობულეთის მერიაში და ისე, თითქოს ეს ნორმა იყოს, უწყება წერილობით გვპასუხობს, რომ ბუკნარში წყალმომარაგება, დღის განმავლობაში გრაფიკით, დილით და საღამოს, 3-3 საათით ხდება.
ქობულეთის მერიაში, ასევე ამბობენ, რომ წყალი გრაფიკით მხოლოდ ზაფხულში მიეწოდებათ, სხვა პერიოდში კი მათ პრობლემა არ ექმნებათ, ამიტომ, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას პრობლების გადაჭრის სხვა ალტერნატივას არ სთავაზობს.