06, აგვისტო 2020 21:59:00
შეუსაბამო დოკუმენტაციის მიუხედავად, ყველა თვითდასაქმებული მიიღებს ერთჯერად დახმარებას, გაგრძელდება კომუნალური გადასახადების დაფარვა ზამთრის თვეებში, სწვალის საფასური დაუფინანსდება სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიას. ეს ახალი საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვტილებებია, რომელიც გიორგი გახარიამ დღეს გაახმოვანა. კიდევ რა შეღავათებს უნდა ელოდნენ პანდემიის ფონზე მოქალაქეები?მთავრობის მეთაურის აქცენტები ჩვენს სიუჟეტში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას მიიღებს. გიორგი გახარიას თქმით, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა სოციალური დახმარება კიდევ განხორციელდეს.მთავრობის მეთაურის განმარტებით შეძლებულ ოჯახებს შეუძლიათ, დახმარებაზე უარი თქვან.
სხდომაზე მთავრობის მეთაურმა აქცენტი იმ თვითდასაქმებულებზეც გააკეთა, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს. გიორგი გახარიას თქმით, ისინი 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.
პრემიერის დაპირებით, გაგრძელდება ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მოქალაქეების სოციალურ დახმარებას. გაგრძელდება ასევე კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებში.
ქვეყნის პრემიერ მინისტრი შეეხო სტუდენტების მხარდაჭერის საკითხსაც.მისივე განცხადებით ყველა ახალგაზრდას, რომელსაც სოციალური ქულა 150 ათასამდე აქვს, სახელმწიფო ერთი სემესტრის, 2020-2021 სასწავლო წელს აუნაზღაურებს. მთავრობის მეთაურის თქმით, სწავლის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ.
გახარიას შეფასებით, ანტიკრიზისულმა გეგმამ გაამართლა და ხელისუფლება აკონტროლებს ვირუსის გავრცელების რისკებს. ამის მიუხედავად პრემიერმა მოქალაქეებს შეახსენა, რომ კოვიდი არსად წასულა.