12, აგვისტო 2020 21:59:00
სოფელი ქობულეთში, სადაც მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა აქვთ. დიახ. 21-ე საუკუნეში, ქვედა აჭყვაში მცხოვრებლებს ავარიულ გზაზე უწევთ მოძრაობა. ადგილობრივები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 21-ე საუკუნეში, არა რაიმე განსაკუთრებულს , არამედ ელემენტარულს- საავტომობილო გზის კეთილმოწყობას ითხოვენ. მუნიციპალიტეტის მერიაში ახალი დღესაც ვერაფერი თქვეს, საკითხის გადაჭრის დაპირება ისევ ახლო მომავლის პერსპექტივით გასცეს.
ეს სოფელი ქვედა აჭყვაა. კადრებში ახლა თქვენ გზის იმ სავალ ნაწილს ხედავთ, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება წლებია უჭირს. ადგილობრივთა თქმით, პრობლემა თავს განსაკუთრებით უამინდობისას იჩენს, გაწვიმებისას სასწრაფო დახმარების ბრიგადები პაციენტებამდე დროულად ვერ მიდიან. აქ მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ბოლო 8 წლის მანძილზე ქობულეთის მერიას პერმანენტულად მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.
ოპოზიცია პასუხისმგებლობას თვითმმართეველობას აკისრებს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, პრობლემა ქობულეთის მერიის უყურადღებობის შედეგია.
ვინ უნდა მოაწესრიგოს ავარიული გზა, რომლითაც ათეულობით ოჯახი სარგებლობს ? აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამტკიცბენ, რომ მონაკვეთის კეთილმოწყობა მათ არ ევალებათ. ქობულეთის მერიაში კი გვითხრეს, რომ სოფელი ყურადღების მიღმა არ დარჩება. უწყების ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პრობლემის არსებობას იმით ამართლებს, რომ აქამდე სხვა მონაკვეთების კეთილმოწყობით იყვნენ დაკავებულები.
სოფელ ქვედა აჭყვაში არსებული ამ ავარიული გზით, 30-მდე ოჯახი სარგებლობს.