20, იანვარი 2017 11:26:00
სკოლა საკუთარ სახლში - ეს ზედა დაგვაა, სადაც მოსწავლეებს გაკვეთილები ასეთ გარემოში უტარდებათ. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ორი კლასკომპლექტია, სადაც 16 მოსწავლე ირიცხება.
მოსწავლეებსა და სკოლის ადმინისტრაციას სახლი ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი ინიციატივით დაუთმო, თუმცა არატიპიური ობიექტი სასწავლო პროცესში გარკვეულ პრობლემებს ქმნის. იმის გამო, რომ ფართი საკმარისი არ არის, მოზარდებს სპორტის გაკვეთილები არ უტარდებათ, შესაბამისად, სკოლის ადმინისტრაციას არც აუცილებელი ინვენტარი შეუძენია.
საკლასო ოთახებში მცირე ტიპის ღუმელები დგას, თუმცა ოთახი სრულყოფილად ვერ თბება, ნახევრადგაყინულ ოთახებში ბავშვები ქურთუკებით იმყოფებიან. სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობა ადგილობრივებმა არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა სოფლისთვის პრიორიტეტული საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
ვიდრე ზედა დაგვას დაწყებითი სკოლა კერძო სახლში გადავიდოდა, სასწავლო პროცესი ამ შენობაში მიმდინარეობდა. 1967 წელს აგებული შენობა ავარიულია. დაზიანებულია სახურავი, საიდანაც ოთახებში წყალი ჩადის, შედეგად აქ საგანმანათლებლო პროცესის ჩატარება პედაგოგების თქმით, შეუძლებელი იყო.
პრობლემის შესახებ ინფორმირებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. უწყებაში განმარტეს, რომ არსებული ავარიული შენობის რეაბილიტაცია წელს იგეგმება. ტენდერში გამოვლენილი კომპანია უკვე ცნობილია, რომელმაც პროექტი რამდენიმე თვეში უნდა მოამზადოს. მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ვარაუდობს, რომ არსებულ შენობის რემონტი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
ზედა დაგვას დაწყებითი სკოლის ადმინისტრაცია კერძო სახლში მეხუთე თვეა ფუნქციონირებს.