08, სექტემბერი 2020 11:55:00
აჭარაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ბათუმის იუსტიციის სახლმა მოქალაქეთა მიღება დროებით შეაჩერა. იუსტიციის სახლი ბათუმში მოქალაქეებს წინასწარი ჩაწერის შემდეგ ემსახურებიოდა. დღეს, 8 სექტემბერს კი, წინასწარი ჩაწერაც [ონლაინ დაჯავშნაც] შეჩერებულია.
„ვინაიდან შენობაში ბევრი ადამიანი გადაადგილდებოდა, გადაწყდა, რომ მთლიანად შენობას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია. როგორც მოქალაქეთა მისაღები სივრცეების ასევე სამუშაო სართულებისაც. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, იუსტიციის სახლი განაახლებს მუშაობას. პარალელურად, შეჩერებულია დაჯავშნაც“ – გვითხრეს იუსტიციის სახლში.
აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის იუსტიციის სახლის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აჭარაზე. მან თქვა, რომ აჭარაში მდგომარეობა სერიოზულია: „ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია. ეს ნიშნავს, რომ აჭარა წითელი ზონაა“.