09, სექტემბერი 2020 19:48:00
საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ინფიცირებულს შეხება TV პირველის ჟურნალისტთან, ვიკა ბუკიასთან ჰქონდათ.
არსებული ინფორმაციით, COVID19-ზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩატარებულმა განმეორებითმა ტესტმა კი, დადებითი პასუხი აჩვენა.
"როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება .
სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი თერმოკონტროლს გადის .
დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. საკანონმდებლო ორგანო განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსი პარლამენტის დეპუტატს დაუდასტურდა. გოგიჩაიშვილი პარლამენტში 3 სექტემბერს იმყოფებოდა და პლენარულ სხდომას ესწრებოდა.